როგორ ავუმაღლოთ პატარებს სწავლის მიმართ მოტივაცია?


სტუდია “ლურჯა ცხენების” ხელმძღვანელი, კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი:

ბავშვებთან მუშაობის 25 წლიანმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ პატარებს ხშირად პასუხისმგებლობა აშინებთ, სურვილი დიდი აქვთ ისწავლონ, მაგრამ ეშინიათ, რამდენად შეძლებენ და გაართმევენ თავს. პირველ რიგში  საჭიროა დავარწმუნოთ ბავშვი, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია ,მთავარი მონდომებაა, რისთვისაც ნებისყოფაა საჭირო.   ნებისყოფის გამომუშავებისთვის კი მოტივა
ციაა მნიშვნელოვანი, როგორ  გავუღვივოთ მოტივაცია  ბავშვს?  წამახალისებელი პრიზებითა და სწავლის სახალისო ,,შეფუთვით“ შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს!
ჩვენს შემთხვევაში მოსწავლეები სტუდიაში  სიხარულით მოდიან გაკვეთილზე სხვადასხვა მიზეზის გამო: მოსწონთ
,, კონცერტობანას“ თამაში, ამ დროს  ყველა ბავშვი გამოდის სააქტო დარბაზში, მიკროფონისა და ორკესტრის (,,ფონოგრამა -„) თანხლებით მღერის და ელოდება აპლოდისმენტებს!
გამოცნობანას თამაშიც ეფექტური მოტივაციაა პატარებისათვის: ვასმენინებთ ნაწარმოების ნაწყვეტს  მათი შესწავლილი რეპერტუარიდან და უნდა გამოიცნონ, რა სიმღერაა;
ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად იმღერებს თუ არა, გამოიცნობს თუ ვერა, უნდა წავალხალისოთ ბავშვი!
მოტივაციაა აგრეთვე კონცერტებზე გამოსვლა, სადაც ცოცხლად მღერიან ბავშვები, იძენენ დიდ გამოცდილებას და  ელოდებიან წამახალისებელ პრიზს და საჩუქარს.
კონკურსი, ურთიერთაპირისპირება არ მიმაჩნია ამ ასაკში მართებულად! მარცხმა შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსი და დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბოს მოზარდს.
ბავშვი სხვას არ უნდა შევადაროთ, არამედ მის საწყის შესაძლებლობებთან შედარებით როგორ გაიზარდა, როგორი პროგრესი განიცადა, ის უნდა აღვნიშნოთ და დავუფასოთ მონდომება!
მას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ვინმე დასცინებს, თუ რაიმე არ გამოუვა, ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს  მის თავმოყვარეობას, სწორედ ამის გამო, არ ვაღიარებ მუსიკალურ პროექტებს, სადაც იმის გამო, ცინიზმითა და ქილიქითაა სავსე ჟიურის წევრების დამოკიდებულება კონკურსანტებისადმი! ასეთ დამოკიდებულებას  ეწირება ახალგაზრდა თაობის  ფსიქიკა და თავმოყვარეობა, რის გამოც შეიძლება ფარ-ხმალი დაყაროს ახალგაზრდამ და საბოლოოდ გაუქრეს მოტივაცია.
ისმის შეკითხვა, აბა რას ემსახურება მსგავსი პროექტები?
ხშირად მეკითხებიან,  რამდენი ცნობილი მუსიკოსი გაზარდეო, არაერთი, მაგრამ ვერიდები მათ ჩამოთვლას!
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია რამდენი კარგი, ჯანსაღი პიროვნება და გემოვნებიანი მსმენელი გავზარდე!
სტუდია ,,ლურჯა ცხენები“ ნებისმიერ დროს მზადაა აზიაროს ბავშვები ნამდვილ ხელოვნებას და  ბედნიერი  და ფერადი დღეები აჩუქოს პატარებს!